вторник, 3 ноября 2009 г.

როგორ დავიცვათ მხედველობა კომპიუტერისაგან


ბავშვებისა და მოზარდების უმრავლესობა სხვადასხვა სახის გასართობს შორის კომპიუტერს ირჩევს. ის სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამიტომ მშობლებს არ შეიძლება არ აწუხებდეთ ის პრობლემები, რაც მოსდევს კომპიუტერის ეკრანის წინ ხანგრძლივად ჯდომას. მშობლებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება, თუ რა დროს ატარებს მათი ბავშვი კომპიუტერთან.
რა არის ე.წ. CVS სინდრომი და როგორ დავიცვათ ბავშვები მისგან?
CVS სინდრომი არის გარკვეული მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომით და გულისხმობს მხედველობის გადაძაბვას. კომპიუტერის ეკრანზე არსებული სიტყვები და ნახატები მსუბუქად ციმციმებენ, რაც იწვევს მხედველობის დაძაბვას. მას ხელს უწყობს თვალის კაკლის გამოშრობაც, რომელიც ვითარდება იმის გამო, რომ ადამიანი კომპიუტერთან მუშაობის დროს თვალს უფრო იშვიათად ახამხამებს. ტენი აუცილებელია მხედველობის აპარატის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. CVS სინდრომის გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორია კომპიუტერთან მუშაობისათვის არასწორად შერჩეული სათვალეები ან კონტაქტური ლინზები. ბავშვი ცდილობს დაჯდეს მოხერხებულად, რათა უკეთ დაინახოს მონიტორზე გამოსახული ინფორმაცია. ეს იწვევს როგორც მხედველობის დაძაბვას, ასევე ტანადობის დარღვევას. მართალია, ეს დროებითია, მაგრამ თუკი მხედველობის სისტემა დიდხანს იქნება ასეთ მდგომარეობაში, მოხდება მხედველობის გაუარესება.

CVS -ის სიმპტომებია:

ჩაწითლებული, გაღიზიანებული თვალები;

დაღლილი მზერა;

სინათლეზე მომატებული მგრძნობელობა;

ცრემლიანი თვალები;

ტკივილი კისრის, ზურგის და ბეჭების არეში;

კუნთოვანი სპაზმები;

თავისა და კუჭის ტკივილი, გულისრევა.


აი ის უმარტივესი რჩევები მშობლებს, რათა დაეხმარონ თავის შვილებს მხედველობის შენარჩუნებაში:


არ გააკეთოთ ეკონომია მონიტორის შერჩევისას;

ამოირჩიეთ მონიტორი გამოსახულების განახლების მაღალი სიხშირით, წერტილების ახლო განლაგებით და ეკრანის დიდი ზომის დაყენების შესაძლებლობით;

ხშირად გაასუფთავეთ მტვრისაგან მონიტორის ეკრანი;

მონიტორი მოთავსებული უნდა იყოს ბავშვის თვალის დონიდან ოდნავ დაბლა;

თვალისათვის ყველაზე უვნებელია - ღია ფონზე მუქი ასოები;

შეამცირეთ ეკრანის ციმციმი, შეამცირეთ ზედა განათება, თავი შეიკავეთ მაგიდის ლამპისაგან, მინიმუმამდე დაიყვანეთ მზის სინათლის ზემოქმედება (მაგ. დააბნელეთ ფანჯარა);

გამოიმუშავეთ გამართულად ჯდომის ჩვევა: ბავშვი უნდა იჯდეს სწორად, კომპიუტერისაგან არანაკლებ 50 სმ-ის დაშორებით, არ გადაიხაროს წინ;

შეახსენეთ ბავშვს, რომ ხშირად მოაშოროს თვალი კომპიუტერს, გაიხედოს შორს, გაიზმოროს, ხშირად ახამხამოს თვალები, რაც დაიცავს მის თვალებს გამოშრობისაგან;

შეამოწმეთ სათვალეები და კონტაქტური ლინზები: აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია მხედველობის სიმახვილის ცვლილებების დროულად აღმოსაჩენად.

კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ოკულისტთან რეგულარული ვიზიტი.

როგორ ფიქრობთ, რამდენი წლის ასაკიდანაა მიზანშეწონილი ბავშვებისთვის კომპიუტერზე მუშაობის შესწავლა?


როგორ ფიქრობთ, რამდენი წლის ასაკიდანაა მიზანშეწონილი ბავშვებისთვის კომპიუტერზე მუშაობის შესწავლა?